თეატრის შესახებ

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ისტორია სათავეს ჯერ კიდე 1885 წელს იღებს. ამ წლიდან ქართველი სცენის მოყვარეები ქართულ ენაზე ქალაქ სოხუმში თამაშობდნენ სპექტაკლებს. მათ სათავეში ედგათ ქართული თეატრის ისტორიაში ერთ – ერთი უმსხვილესი ფიგურა – შალვა დადიანი. მწერალ, დრამატურგ და მსახიობ შალვა დადიანის დამსახურებით 1911 წელს სოხუმში მცხოვრებმა ქართულ ენოვანმა სცენის მოყვარეთა ჯგუფმა, ნახევრად პროფესიული თეატრალური დასის სტატუსი მიიღო.  დასს ,,დრამატული ხელოვნების მოღვაწეთა წრე“ ეწოდა.

სოხუმის თეატრი თავისი მუდმივმოქმედი ქართულენოვანი და აფხაზურენოვანი დასებით 1928 წელს გაიხსნა. აღსანიშნავია, რომ ქართული თეატრის ისტორიის ეს პერიოდი ერთ – ერთი უმძიმესი იყო. სანდრო ახმეტელისა და კონსტანტინე მარჯანიშვილის მოღვაწეობის შედეგად აღმოცენებული ქართული თეატრის ოქროს ხანა საბჭოთა კავშირმა მარწუხებში მოაქცია. ვასილ კიკნაძე წერს:

,,1933 წელს გარდაიცვალა კოტე მარჯანიშვილი.
1933 წელს დადგა ახმეტელმა უკანასკნელი სპექტაკლი.

ასე რომ, დამთავრდა ქართული თეატრის რენესანსის ეპოქა. ამასთანავე დამთავრდა რეპერტუარისა და სტილურ ძიებათა თავისუფლების ეპოქა. ამიერიდან თეატრებში იწყება კრიზისული მოვლენები, რაც უპირველესად მოდერნისტულ ძიებათა უარყოფას გულისხმობს. იზღუდება სტილური მრავალფეროვნება, ბოლო ეღება სხვადასხვა იზმებთან თანაარსებობას.“

კრიზისულმა მოვლენებმა და სტაგნაციის პერიოდმა დიდი გავლენა იქონია სოხუმის თეატრზეც, სადაც შემოქმედებითი მრავალფეროვნება ისევე შეიზღუდა, როგორც მთელ ქართულ თეატრალურ სივრცეში. შემდგომში უკვე ნიკიტა ხრუშჩოვს ,,დათბობის“ პერიოდში დაიწყო სტალინური რეპრესიებისა და სოც – რეალიზმის მიერ განადგურებული თეატრალური მიმართულებების ხელახალი აღმოჩენა. ამასთანავე სოც – რეალიზმისთვის მიუღებელი ესთეტიკებისა და ავტორების ინტეგრირება საბჭოთა ქართულ სცენაზე. ამ უმსხვილეს თეატრალურ მოვლენებს პასუხობდა სოხუმის თეატრის რეპერტუარიც. ,,დათბობის“ პერიოდში ერთ – ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ავტორი საბჭოთა კავშირში მოღვაწე თეატრალებისთვის იყო ბერტოლტ ბრეხტი. თუ საქართველოს დედაქალაქ თბილისში, რუსთაველის თეატრის სცენაზე ბერტოლტ ბრეხტის პიესა პირველად 1964 წელს დაიდგა, უკვე 1965 წელს  ბრეხტის ქართულენოვანი დადგმა სოხუმელმა მაყურებელმა იხილა. შესაბამისად სოხუმის თეატრის რეპერტუარის მრავალფეროვნება, პასუხობდა ,,დათბობის“ პერიოდის მთავარ აღმოჩენებს.

უკვე 1979 წელს ქართულენოვანმა და აფხაზურენოვანმა დასებმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განაგრძეს მოღვაწეობა. 1983 წელს კი ქართულენოვან დასი კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის გახდა. მალევე საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე მძიმე დღე  – 1993 წლის 27 სექტემბერი, სოხუმის დაცემის დღე დადგა. ამ პერიოდში სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის თეატრს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი – დიმიტრი ჯაიანი ხელმძღვანელობდა. თეატრის დასის ნაწილი ომში დაიღუპა, ნაწილმა კ აფხაზეთი დატოვა და საქართველოს სხვა რეგიონებს შეაფარა თავი.

2025 წლიდან თეატრს ალექსანდრე ქანთარია ხელმძღვანელობს. თეატრი აგრძელებს მისი საუკეთესო ტრადიციის გაგრძელებას – იგი ინარჩუნებს თავის მრავალფეროვან რეპერტუარს. არსებული გეო – პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე კი თეატრი რჩება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ერთ – ერთ უმთავრეს სიმბოლოდ.