ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია

1981 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის თეატრის და კინოს ინსტიტუტის დრამის სარეჟისორო ფაკულტეტი პროფესორ ლილი იოსელიანის ხელმძღვანელობით. იმავე წლიდან დაიწყო მუშაობა ამავე ინსტიტუტში პროფესორ ლილი იოსელიანის ასისტენტად. მუშაობდა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრის მთავარ რეჟისორად. თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად. 2000 წელს მიენიჭა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის დოცენტის, 2004 წელს კი ამავე ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრის პროფესორი წოდება.

ამჟამად არის თეატრის მოღვაწეთა კავშირთან არსებული შემოქმედებითი ცენტრი „დურუჯის“ ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სახელმწიფო პრემიები, მარჯანიშვილის პრემია, ს. ახმეტელის პრემია, არის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დადგმული აქვს 50-ზე მეტი დრამატული სპექტაკლი, როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ: თურქეთში (სტამბოლის დრამატულ თეატრში), ლიეტუვაში (ვილნიუსის სახელმწიფო დრამატულ თეატრში), ბელარუსში (მინსკის სახელმწიფო დრამატულ თეატრში). ასევე დადგმული აქვს ორი სატელევიზიო სპექტაკლი და გადაღებული აქვს ორი დოკუმენტური ფილმი. მისმა სპექტაკლებმა მონაწილეობა მიიღეს ვაიმარის გოეთეს, მინსკისა და კაიროს საერთაშორისო ფესტივალებში და გახდნენ ამ ფესტივალების ლაურეატები.